dmsk logo
სიახლეები
აყვავდა სამეფო სტრელიცია - 20.07.2012
კოლეჯის ორანჟერეაში პირველად აყვავდა სამხრეთაფრიკული ულამაზესი მცენარე - სამეფო სტრელიცია (Strelitzia reginae), რომელსაც ყვავილის თავისებური ფორმისა და შეფერილობის გამო სამოთხის ჩიტსაც უწოდებენ.

ჩვენ პირობებში ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. თუმცა რამდენიმე წლის წინ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აყვავებული სტრელიცია მრავალმა დამთვალიერებელმა იხილა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოყვარული მებაღეების კოლექციებში ის ჯერჯერობით ნაკლებად გვხვდება.

ლამაზმა ეგზოტიკურმა ფორმამ, ყვავილების კაშკაშა შეფერილობამ და ხანგრძლივმა ყვავილობამ ამ მცენარეს საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. მან სახელწოდება მიიღო ინგლისის დედოფლის შარლოტა-სოფიას (ქალიშვილობაში ჰერცოგნია სტრელიტცი), პატივსაცემად.

სტრელიცია 1,2-1,3 მ სიმაღლის ფესურიანი მცენარეა მაღალ საყვავილე ღეროზე განვითარებული ყვავილებით, რომელთა ზომაც 15 სმ-ს აღწევს. გარეთა ფურცლები ნარინჯისფერია, შიგნითა - მუქი ლურჯი. ფოთლები დიდია - 40 სმ-მდე, მუქი მწვანე, პრიალა, ტყავისებური, ოვალური ფორმის, 50-60 სმ სიგრძის ყუნწით.

სინათლისმოყვარული მცენარეა. სასურველია დაიდგას აღმოსავლეთ მხარეს არსებულ ფანჯრებთან იმგვარად, რომ მზის სხივები პირდაპირ არ ხვდებოდეს. ზაფხულის პერიოდში საჭიროა ფოთლებზე წყლის დაპკურება, გაზაფხულიდან შემოდგომამდე უხვად უნდა მოირწყას, ზამთარში ზომიერად (10-14 დღეში ერთხელ). მრავლდება თესლით და ბუჩქის დაყოფით.

ესაჭიროება ნოყიერი ნიადაგი - თიხნარ-კორდიანი მიწა და ნეშომპალა.
სტრელიციის ყვავილებს იყენებენ თაიგულებისა და ფლორისტული კომპოზიციების შესაქმნელად.